aWaris avtonomiuri respublika  
  

 



baTumi

ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი. ბათუმი არის მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი საქართველოში, მსხვილი საერთაშორისო ნავსადგური შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული და ტურისტული ცენტრი საქართველოში.

ბათუმი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას, ზღვის დონიდან 3 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით). 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 152 839 ადამიანი.

etimologia

ქალაქის სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან (ბერძ. Bathus) - „ბათუსი“, რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიას (23-79), რომელიც კოლხეთის მდინარეების ჩამოთვლისას ასახელებს მდინარე - „Bathys“. შემდგომში ბერძენი გეოგრაფი ფლავიუს არიანე თავის ნაწარმოებში „Periplus Euxinus“ წერს:

„Apsarus-ის შემდეგ ჩვენ ღამით გადავკვეთეთ მდინარე Acamsis, რომელიც Apsarus-საგან დაშორებულია 15 სტადიონით; ხოლო მდინარე Bathys მდინარე Acamsis-გან დაშორებულია 75 სტადიონით.“

ფლავიუს არიანეს მიერ ნახსენები მდინარე სახელად Bathys ესაა, მდინარე ბარცხანასა და მდინარე ყოროლისწყალს შორის არსებული პატარა მდინარე (მდ. კუბა-წყალი ან მდ. ჩულ-კუბა). აღსანიშნავია ისიც, რომ ტექსტში მდინარე Bathys-ის მახლობლად არსად არ არის ნახსენები არანაირი ნამოსახლარი.

ცნობილია რომ XV საუკუნის შუა წლებში მდინარე ბათუსის წყალზე არსებობდა დასახლება სახელად Bathys ან Bathy. როდესაც აღნიშნული ტერიტორია ერისთავების ხელში გადავიდა ის მოიხსენიებოდა როგორც „პატონი“ (ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით) ან „ბატონი“ (Hrisantos Hierotolymites თავის ნაშრომში — „Sintagmation peri offikion“, ვენეციური გამოცემა 1778 წ, გვ. 92): „ყურისკენ მიმავალი გზა იბერიულ ენაზე წარმოითქმის როგორც ბატონი და მდებარეობს მდინარე ფაზისსა და ბოას შორის“ („Fygades“ Triantafillides, გვ. 28).

იბერიული სახელწოდება „პატომი“ თურქების დროს ტრანსფორმირდა და წარმოიქმნა ფორმა „პატუმ“, რომლითაც მოიხსენიებენ ისინი დღესაც.

თავად მდინარე Bathys-ის სახელწოდება მომდინარეობს ყურის სახელწოდებიდან - ბერძ. Bathys limen - ღრმა ყურე. მართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა (მაქ. სიღრმე 58 მ) და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს.

geografia

ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კილომეტრზე. ქალაქის ფართობი შეადგენს 6494,31 ჰექტარს. ფართობის მიხედვით ბათუმი საქართველოში მესამე ქალაქია. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკეზე ის, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ მდებარეობს, ბათუმის ტერიტორია ასევე გრძელდება მდინარე ჭოროხის სამხრეთით.

ბათუმის ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის თბილი, უთოვლო ზამთარი და თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14,5 °C, იანვარში - 7,1 °C, აგვისტოში - 23,2 °C. ნალექები - 2560 მმ წელიწადში. შეფარდებითი სინოტივე - 81 %. ხშირია კოკისპირული წვიმა. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა.

ბათუმის ტერიტორიაზე არის ბუნებრივი ტბა (ფართობი 0,06 კმ²), რომელიც ამჟამად ბათუმპარკის ნაწილია. ქალაქსა და მის მიდამოებში გავრცელებულია მრავალნაირი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები, ჩაის პლანტაციები და ციტრუსოვანთა ნარგავები. გორაკ-ბორცვებზე აქა-იქ შემორჩენილია კოლხური ბუნებრივი ტყე და ბუჩქნარი. მცენარეულობის სიმდიდრითა და სიმრავლით გამოირჩევა ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

ზღვის წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა ნაპირთან 16,7 °C-ია. სამკურნალო ფაქტორია კლიმატოთერაპია და ზღვაში ბანაობა. ზღვის წყალი გამოირჩევა მაღალი მინერალიზაციით. სამედიცინო ჩვენება: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი, ჰიპერტონიული დაავადება, ლიმფადენიტი, სისხლნაკლებობა. სეზონი გრძელდება მთელ წელს, ბანაობის სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე. ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილი საკურორტო ადგილებია მახინჯაური, მწვანე კონცხი, გონიო, კვარიათი.

istoria

warmoSoba

ბათუმსა და მის მიდამოებში, მდინარე ყოროლისწყლის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ ეს მიდამოები ადამიანის მიერ ათვისებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II - I ათასწლეულების მიჯნაზე. ადრინდელ ანტიკურ ხანაში ბათუმის მიდამოები კოლხეთის სამეფოს საზღვრებში შედიოდა. აქაურ მოსახლეობას გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ამ პუნქტს ძველი ბერძნები მოიხსენიებდნენ ბათუსის სახელით. II საუკუნეში რომის იმპერატორ ადრიანეს დროს დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე რომაელთა სამხედრო ბანაკი იყო.

მოგვიანებით ის ეგრისის სამეფოს ნაწილი გახდა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში, სხვა ზღვისპირა პუნქტებისაგან განსხვავებით, ბათუმი დაწინაურებული იყო, რასაც ხელს უწყობდა მისი მდებარეობა ქვეყნის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების დასაწყისში. VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანე I-მა აქ ლოსორიონის ციხე (ძვ. ბერძნ. Λοσόριον, მოგვიანებით ცნობილი, როგორც „თამარის ციხე“) ააგო, რომელიც მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ეგრისის დიდ ომებში სასაზღვრო პუნქტების გამაგრებაში. VIII საუკუნის ბოლოს ის აფხაზთა სამეფოს ნაწილი გახდა, 1008 წლიდან კი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ფეოდალურ ხანაში ბათუმის ციხის გარშემო არსებობდა სოფლის ტიპის დასახლება, მაგრამ იგი ქალაქადაც იხსენიება (ამბროჯო კონტარინი).

guriis samTavroSi

გურიის სამთავრო XV-XIX საუკუნეებში

XIII საუკუნის ბოლოდან XIV საუკუნის დასაწყისამდე ბათუმი ოდიშის საერისთავოში შედიოდა, საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ კი მას გურიელები დაეპატრონენ. 1372 წელს ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტოსის ცნობით ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი III ბათუმში შეხვდა გურიელს, რომელმაც პატივი მიაგო იმპერატორს. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ გურიის სამთავროს შემადგენლობაშია. 1546 წელს ბათუმი ოსმალეთის იმპერიამ დაიკავა. იმავე წელს როსტომ გურიელმა ქალაქი დაიბრუნა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ბათუმი ისევ ოსმალთა ხელში გადავიდა. ოსმალებმა ქალაქი აქციეს ბათუმის სანჯაყის, ანუ ლივანის ადმინისტრაციულ ცენტრად და სხვა სანჯაყებთან, ტრაპიზონსა და გონიოსთან, ერთად ტრაპიზონის ფაშას დაუქვემდებარეს. 1609 წელს მამია II გურიელმა გაანადგურა ბათუმში მყოფი ოსმალთა გარნიზონი. მიუხედავად ამისა, ოსმალები კვლავ დაეუფლნენ ქალაქს. 1614 წლის 3 დეკემბერს ბათუმში დაიდო გურია-ოსმალეთის შეთანხმება, ზავის შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმი, რომელიც 1648 წლამდე ოსმალეთის ხელში იყო. XVII საუკუნეში ბათუმი სტრატეგიულ პუნქტს არ წამრმოადგენდა და გონიოზე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. XVII საუკუნის შუიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე წარმოადგენდა თავდგირიძეების საკუთრებას. თავდგირიძეებს ბათუმი გურიელმა მალევე ჩამოართვა, რაც თავადების ურჩობის გამო უნდა მომხდარიყო. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავდგირიძეთა სახლის ორმა წარმომადგენელმა ისლამი მიიღო და ოსმალეთის იმპერიის დახმარებით დაესაკუთრა ბათუმს. 1718 წელს სანჯაყ-ბეგ აჰმედ თავდგირიძემ და მისმა ძმამ მუსტაფა ბეგმა სულთანისგან მიიღეს სანჯაყი და ნაჰიე: ბათუმი, გონიო, ანარია, ქისატური, ახალშენი, ყოროლისთავი, სამება, ლიმანის თევზის სარეწი და მდინარე ჭოროხში მცურავი ნავის ბაჟი. გიორგი IV გურიელი ცდილობდა ბათუმისა და ჩაქვის დაბრუნებას, მაგრამ ვერ მოახერხა.

Tanamedroveoba

2007 წლის მაისში ბათუმში გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი. 2011 წელს გაიზარდა ბათუმის ტერიტორია და მას შეუერთდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილი. ინტენსიურად ხდება თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა, მოქმედებს შერატონისა და სხვა ბრენდების სასტუმროები. 2009 წელს მოხდა ბათუმის ბულვარის 1,5 კილომეტრით დაგრძელება, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. 2010 წელს გაიხსნა დელფინარიუმი.

2022 წლის შემოდგომაზე ქალაქი ბათუმი გახდა გამარჯვებული ნომინაციაში „ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ადგილი ევროპაში“, რისთვისაც მიიღო ტურისტული ჯილდო - World Travel Awards.

demografia

რუსეთის იმპერიასთან შეერთების პირველ წლებში ბათუმი მრავალეთნიკური ქალაქი იყო. 1882 წლის მონაცემებით, ბათუმში 8671 ადამიანი ცხოვრობდა, აქედან 1166  ბერძენი, 980 რუსი, 907 სომეხი, 809 ქართველი (514 აღმოსავლეთ საქართველოდან, 167 გურული, 128 იმერელი), 377 აფხაზი, 112 სპარსი, 70 ლაზი. იმპერიის ხელისუფლება ასევე ხელს უწყობდა ბათუმში უცხოელების დასახლებას, რათა თავიანთი დასაყრდენი გაეჩინათ ადგილობრივ მოსახლეობაში. ისინი ხელს უწყობდნენ ბათუმში გერმანელების დასახლებას. 1882 წელს ბათუმში 145 სული გერმანელი ცხოვრობდა, 1887 წელს - 200, 1897 წელს კი 300.

ბათუმის მოსახლეობა იზრდებოდა XIX და XX საუკუნეების განმავლობაში. XX საუკუნის ბოლოს ბათუმის მოსახლეობა შემცირდა. XXI საუკუნის დასაწყისში ბათუმის მოსახლეობა კვლავ გაიზარდა, ძირითადად, ბათუმის ტერიტორიის ზრდის ხარჯზე. ამჟამად ბათუმი მოსახლეობის რაოდენობით საქართველოში თბილისის შემდეგ მეორე ქალაქია.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1882 8 671    
1888 10 167 8 047 2 120
1893 14 803    
1897 26 162    
1911 30 124    
1926 48 500    
1939 70 000    
1959 82 300    
1970 101 000    
1979 122 800    
1989 136 930    
2002 121 806    
2014 152 839    
2021 172 100    

ekonomika

ბათუმი თბილისის შემდეგ ყველაზე მდიდარი ქალაქია საქართველოში. მისი წილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 6%-ს. ეკონომიკის წამყვანი დარგებია მშენებლობა და საშენი მსალების წარმოება, ვაჭრობა, მსუბუქი მრეწველობა, ტურიზმი, ტრანსპორტი და კომუნიკაციები.

ბათუმი არის ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი. აქ წარმოებს მსხვილი საზღვაო-სატრანსპორტო ოპერაციები. ბათუმი კავკასიის ნავთობის გაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. იგი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და დიდ საოკეანო ტანკერებს ემსახურება. სატრანსპორტო კვანძის საერთო ტვირთბრუნვაში სატრანზიტო ტვირთებთან ერთად დიდი ადგილი უკავია თვით ქალაქის და მისი უახლოესი მიდამოების სამეურნეო ტვირთებს. მთლიანად მექანიზებულია მშრალი ტვირთბის ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები. საავტომობილო გზებით ბათუმი დაკავშირებულია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრებთან, აჭარის შიგა რაიონებთან და თურქეთთან.

ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი.

ganaTleba da kultura

ბათუმში მოქმედებს საზღვაო აკადემია და სახელმწიფო უნივერსიტეტი. მოქმედებს სახელმწიფო დრამატული თეატრი და მუსიკალური ცენტრი.

ბათუმში მოქმედებს რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.

RirSesaniSnaobebi

ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, ცირკი და „ბათუმის რივიერა“ დასასვენებელი და გასართობი კომპლექსი შავი ზღვის სანაპიროზე.

baTumis safosto markebi

ბათუმის მარკები

ბრიტანეთის ოკუპაციის დროს ადრე გამოშვებული რუსული საფოსტო მარკების მარაგი ამოიწურა და 1919 წლის თებერვალში ადმინისტრაციამ ახალი მარკები დაბეჭდა. ეს იყო დასაჭრელი მარკები კორდილინას ხის გამოსახულებით და წარწერით БАТУМСКАЯ ПОЧТА. მოგვიანებით ბრიტანელებმა მასზე შტამპი „BRITISH OCCUPATION“ (ბრიტანეთის ოკუპაცია) დაარტყეს. შტამპებზე ფასი ცვალებადი იყო, თუმცა მოგვიანებით, 1920 წელს, ინფლაციის დონის ზრდის გამო, ყოფილი 5 კაპიკიანი მარკები ახალი დენომინაციებით გამოიცა (50 რუბლამდე). ბრიტანეთის მმართველობის ხანმოკლეობის მიუხედავად სამი სახის მარკა დიდი რაოდენობით არსებობს (შესაძლოა დამატებითი მარკები ოკუპაციის შემდეგაც დაიბეჭდა), თუმცა ხელმეორედ გადაბეჭდილი შტამპები არც ისე ბევრია და 2003 წლისთვის კოლექციონერთა შორის მათი ფასი $500 აშშ დოლარზე მეტს აღწევდა.

daZmobilebuli qalaqebi

ქალაქი ქვეყანა წელი
1 აღჯაბედი აზერბაიჯანი  
2 ვანაძორი სომხეთი 2006
3 პირეუსი საბერძნეთი 1996
4 ბარი იტალია 1987
5 კისლოვოდსკი რუსეთი 1997
6 სავანა აშშ 1992
7 სან-სებასტიანი ესპანეთი 1987
8 ართვინი თურქეთი 1999
9 ტრაპიზონი თურქეთი 2000
10 კარტახენა კოლუმბია 1987
11 ძიბო ჩინეთი  
12 ბლაგოევგრადი ბულგარეთი  
13 იალტა უკრაინა 2008
14 ვერონა იტალია 2010
15 ქუშადასი თურქეთი 2010
16 ორდუ თურქეთი 2011
17 ტერნოპოლი უკრაინა 2011
18 აშდოდი ისრაელი 2012
19 ნიუ-ორლეანი აშშ 2012
20 იალოვა თურქეთი 2012
21 ნახიჩევანი აზერბაიჯანი 2012
       

gamoCenili adamianebi

  • სესილია თაყაიშვილი, მსახიობი
  • ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორისტი
  • ვალერი მელაძე, მომღერალი
  • ზაზა ხალვაში, კონორეჟისორი
  • ქეთი მელუა, მომღერალი
  • ფიოდორ იურჩიხინი, კოსმონავტი
  • სოფო ხალვაში, მომღერალი
  • მინდია ხითარიშვილი, კომპოზიტორი
  • იოსებ ბარდანაშვილი, კომპოზიტორი
  • ალექსანდრე ხომერიკი, საოპერო მომღერალი
  • ნინო ნიჟარაძე, მხატვარი
  •  

    foto galerea

    ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
    კოორდინატები 41°38`45″ ჩ. გ. 41°38`30″ ა. გ.
    ამჟამინდელი სტატუსი 1878 წ
    ფართობი 64,9 კმ²
    ცენტრის სიმაღლე 3 მ
    მოსახლეობა 152 839კაცი (2014)
    სიმჭიდროვე 2355,0 კაცი/კმ²
    ეროვნული შემადგენლობა ქართველები 93,4 %
    სომხები 3 %
    რუსები 1,9 %
    უკრაინელები 0,4 %
    ბერძნები 0,2 %
    სასაათო სარტყელი UTC+04:00
    სატელეფონო კოდი +995
    საფოსტო ინდექსი 6000–6099
    ოფიციალური საიტი http://batumi.ge

     

     

    ბათუმის გერბი ბათუმის დროშა

     

    RirSesaniSnaobebi
       
       
       
       
       
       
       

     

     

    Cvens Sesaxeb

    ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

     

    "წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.